მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არაა, რადგან პროცესი გაცილებით ადრე დაანონსდა.

„მინდა, შევეხო დედაქალაქის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის საკითხს. მოვისმინეთ ბევრი არასწორი შეფასება პოლიტიკურ ჭრილში. თუ ადამიანი აიღებს და ნახავს თარიღს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, აშკრად დარწმუნდება, რომ ეს არანაირ კავშირში არაა იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეებში ხდება. გაცილებით ადრე გამოცხადდა რეორგანიზაცია.

ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია-სამსახურების ოპტიმიზაცია. შესაბამისად, ახლაც დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც უნდა აისახებოდეს დედაქალაქზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე. მოვისმინეთ ბევრი შეფასება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის, მანამდე გვქონდა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტის მერიაში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, არასწორი ინფორმაციები გავრცელდა უწყების თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემის საკითხზეც.

„გუშინ მოვისმინეთ შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ვიყენებთ პრემიების გაცემა-არგაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც არის ტყუილი….

რაც შეეხება პრემიას, მას კანონმდებლობა განსაზღვრავს. ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის. შემდეგ მისივე სამსახურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რაც კანონით გათვალისწინებულია. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმე დაგვეჩაგრა…“,- ამბობს კალაძე.

30 ნოემბერს თბილისის მერიის 140-ზე მეტი თანამშრომელი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე გაემიჯნა და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაზე ხელმომწერების სია განახლებადია.

„ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას“, – წერია განცხადებაში. 

„კარგია, თვითლუსტრაციაა“,- ასე გამოეხმაურა თანამშრომლების განცხადებას კალაძე.