მერიასთან აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ 4 წევრი დააკავეს

პუბლიკა

თბილისის მერიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. ამის შესახებ „პუბლიკას“ პარტიის პრესცენტრში განუცხადეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა თბილისის მერიის წინ აქციას გამართეს. ისინი პარტიის 100 ათასი ლარით დაჯარიმებას აპროტესტებდნენ და ჯარიმის ჩამოწერას მოითხოვდნენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები და მხარდამჭერები მერიაში შესვლას ცდილობდნენ განცხადებისა და ხელმოწერების დასატოვებლად.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესცენტრის მიერ გავრცელებული პირდაპირი ჩართვის ვიდეოდან ჩანს, მერიის დაცვის თანამშრომელი აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ყველას ვერ შეუშვებენ შენობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მერიასთან აქციაზე დაკავებულია 4 ადამიანი. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი  ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.