თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამ მეტროსადგურში – „ახმეტელის თეატრში“, „ვარკეთილსა“ და „დიდუბეში“ ახალი, განსხვავებული გაბარიტების ტურნიკეტები დაიდგმება.
მისი თქმით, შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია „ქართულ მიკროელექტრონიკასთან“ უკვე გაფორმებულია.
„ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, რაც მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული პროექტი განხორციელდება სამ მეტროსადგურში – „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“. შესაბამის ტურნიკეტებს მოგვაწვდის კომპანია „ქართული მიკროელექტრონიკა“. მასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების რაოდენობა უკვე გაიზრდა, რამაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გააუმჯობესა და მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემა მოაგვარა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეტროსადგურს ერთ საათში 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9000-მდე მგზავრის გატარება შეუძლია.