თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები ფუნქციონირებას დროებით შეწყვეტენ და მუშაობას გააგრძელებს მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის.
„ახალი წესის თანახმად, სერვისცენტრის მისაღებში აღარ იქნება მოქალაქეთა თავმოყრა. ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ერთდროულად შემოვიდეს მისაღებში. მისაღებში მოქალაქეებს პერსონალის ნაცვლად დახვდებათ თემატური ბლანკები, რომლებსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთში მოათავსებენ. მათ ჩვენი თანამშრომლები გაეცნობიან და მოახდენენ რეაგირებას“, – განაცხადა კალაძემ.
ხოლო ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სერვისებზე წერილის შედგენისას, თბილისის მერის თქმით, მერიის თანამშრომლებს ხშირად უწევდათ მოქალაქეთა დახმარება, ამიტომ უკონტაქტო მომსახურება აქ ვერ მოხდება და მერიაში გამოიყოფა იზოლირებული სივრცე.
კალაძის თქმით, შეიცვლება ტაქსების ლიცენზირების წესიც. „ამ დროიდან ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი“, – თქვა თბილისის მერმა.