მერიის სერვისები მუშაობას 1 ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს – კალაძე

პუბლიკა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები.

„ერთადერთი, რაც მუშაობდა, ეს იყო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებები. პირველი ივნისიდან ყველა მიმართულებით, სადაც დროებითი შეფერხება გვქონდა და მუშაობა შეჩერებული იყო, სერვისების მიწოდება განახლდება. ათივე გამგეობაში ყველა სერვისცენტრი დაიწყებს მუშაობას და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ივნისიდან, ასევე, აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.

29 მაისიდან მუშაობას იწყებს ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი.