თბილისის მერიის თანამშრომელი, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვიკავშირდა, გვეუბნება, რომ მერია გეგმავს იმ თანამშრომლების გათავისუფლებას, რომელთაც განცხადებას გაავრცელეს და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
„თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ უკან წაიღონ საკუთარი ხელმოწერები განცხადებაზე, და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუგრძელებენ ხელშეკრულებას” – გვეუბნება წყარო.
წყარო ასევე გვიყვება ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის უფროსის შესახებ, რომელსაც ხელმომწერი თანამშრომლების გათავისუფლება დაავალეს და მან პასუხად თანამდებობა დატოვა.
პუბლიკის წყაროს ინფორმაციას ადასტურებს გიგა სოფრომაძე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახლა უკვე ყოფილი თანამშრომელი, რომელიც თავად იყო ევროპული კურსის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერი და მერიამ იგი სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლა.
გარდა ამისა, იგი გვიდასტურებს, რომ ზეწოლა მიმდინარეობს განცხადების ხელმომწერ სხვა თანამშრომლებზეც და ნაწილს უკვე აიძულეს ხელმოწერის უკან გატანა.
მის ნათქვამის დასტურად იგი გვითითებს ხელმომწერთა სიის დოკუმენტზე, სადაც 240-მდე ხელმოწერა იყო, ახლა კი 203-ია. (ერთი ხელმოწერა დოკუმენტს ნიუსის მომზადების პროცესში მოაკლდა – რედ).
შეგახსენებთ განცხადების ტექსტს: რომელიც მერიის თანამშრომლებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპულის კურსის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.
„ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.
ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.
ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას“.
პუბლიკა დაუკავშირდა თბილისის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებენ.