თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ უნებართვოდ აღმართული ჯვარი „დარჩება ადგილზე ახალი პროექტის განხორციელებამდე“.
დღეს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გამოაქვეყნა მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული პასუხი, რომლის მიხედვით, ინფორმაცია „ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციის განთავსების ნებართვის გაცემასტან დაკავშირებით არ იძებნება“. ხათუნა სამნიძის თქმით, მერიაში არ უპასუხეს, დაიწყო თუ არა ფაქტზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება.
„გაცნობებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი დარჩება ადგილზე ახალი პროექტის განხორციელებამდე. მიმდინარეობს პროექტის დამუშავება და მას შემდეგ, რაც თბილისის მერიაში შემოვა პროექტი, საზოგადოებას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას“, – უთხრეს „პუბლიკას“ მერიაში.
მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა 2021 წლის დეკემბერშიც. მისი თქმით, მერია პროექტს საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს.
„ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ 2021 წლის დეკემბერში.
2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა პრორუსული და ჰომოფობიური „ალტ-ინფოსა“ და სასულიერო პირების მოწოდებით, რუსთაველის გამზირი ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს, იძალადეს 50-ზე მეტ ჟუტნალისტსა და ოპერატორზე. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილმა ჰომოფობიურმა, ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს.