გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს 2008 წელს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით, რომელზეც უკრაინას MAP არ მისცეს.
ანგელა მერკელის პრესსპიკერის განცხადებით, ყოფილი კანცლერი მიიჩნევს, რომ 2008 წელს ბუქარესტის NATO-ს სამიტზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებული იყო. ინფორმაციას Ukrayinska Pravda ავრცელებს.
პრესპიკერმა განაცხადა, რომ მერკელმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში რუსეთის დამპყრობლური ომის დასასრულებლად, მაგრამ არ უპასუხა ბუჩაში მიწვევას.
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ 2008 წელს ბუქარესტის NATO-ს სამიტს, მიიწვია ქალაქ ბუჩაში იმის სანახავად, თუ რა მოჰყვა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკას.
„მე ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის, ეწვიონ ბუჩას და ნახონ, სად მიგვიყვანა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკამ ბოლო 14 წლის განმავლობაში. ნახეთ თქვენი თვალით ნაწამები და დახოცილი უკრაინელები…“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.