მესამე დაღუპული - ბელარუსის შსს 19 წლის დემონსტრანტის გარდაცვალებას ადასტურებს

პუბლიკა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე დემონსტრანტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. უწყების განცხადებით, შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა.

„გამზირზე „რენოს“  მარკის ავტომობილის მძღოლი დაეჯახა 19 წლის ფეხით მოსიარულეს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე იმყოფებოდა“, – განაცხადა უწყების პრესსპიკერმა ოლგა ჩემოდანოვამ.

19 წლის დემონსტრანტი, უწყების ცნობით, ადგილზე გარდაიცვალა.

ჩემოდანოვას თქმით, „უშუალოდ დაჯახებამდე, ის იმყოფებოდა საავტომობილო გზაზე. ეს შეამჩნია „ფოლკსვაგენის“ მძღოლმა და გააფრთხილა ფეხით მოსიარულე საფრთხეზე, ასევე სთხოვა გადასულიყო გზიდან ტროტუარზე. თუმცა ფეხით მოსიარულემ ყურადღება არ მიაქცია და ცოტა ხნის შემდეგ აღმოჩნდა „რენოს“ ბორბლებქვეშ“.


მინსკში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდგომ 19 წლის აქტივისტი მესამეა, რომლის გარდაცვალებასაც ოფიციალური უწყება ადასტურებს. იქამდე დაღუპული ორი დემონსტრანტის გარდაცვალების შესახებ სამინისტრო თავდაპირველად ინფორმაციას არ ადასტურებდა. ერთ-ერთი დაღუპულის, ალექსანდრე ტარაიკოვსკის შესახებ თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს მას ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდა, თუმცა გარდაცვლილის პარტნიორმა მედიასთან განაცხადა, რომ ცხედრის დათვალიერებისას მას კიდურებზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ასევე, Associated Press-მა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ტარაიკოვსკის სავარაუდო ბოლო წუთები ჩანს და ის არ ემთხვევა გარდცვალების ოფიციალურ ვერსიას.