ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა – 15.6%-ზეა დასული.
„საქსტატმა ძალიან საყურადღებო მონაცემები გამოაქვეყნა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეკონომიკის დადებითი ტენდენციები აისახა დასაქმებაზე, საქართველოში მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე – 15.6%-ზე დავიდა.
ეს არის ოფიციალური მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს უმუშევრობასთან დაკავშირებით. ეს უკეთესი მონაცემებია, ვიდრე პანდემიამდე გვქონდა მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა, წლიურად მნიშვნელოვნად 77. 5 ათასი ადამიანით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდე, 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით – 47.4 ათასი ადამიანით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ეკონომიკის მაღალი ზრდა აისახება მათ შორის დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ინკლუზიურად სარგებელი მიიღოს უფრო მეტმა ჩვენმა მოქალაქემ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გააჩნია.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს უნდა გვქონდეს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ჩვენი პარტნიორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. 2022-2027 წლებში, შემდეგი 5 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპაში 5.8%“, – განაცხადა მინისტრმა.