მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია - გიორგი რურუა

პუბლიკა

„მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია“ – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილემ, ბრალდებულმა გიორგი რურუამ facebook გვერდზე დაწერა.

„მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას. ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა მან.

დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია რურუას განცხადებას გამოეხმაურა.  ამისი თქმით,  „ევროპული საქართველო“ პოზიციას არ ცვლის და მესამე მოსმენისას კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენ პირველ მოსმენაში მივიღეთ მონაწილეობა იმისთვის, რომ გადაგვეზღვია რისკები. ჯობია, გონს მოვიდეს ივანიშვილი, საკონსტიტუციოს ამბავი დავამთავროთ, რურუაც გამოუშვას, რომ ვითარება დამშვიდდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ არ იცვლის პოზიციას და მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას ისინი არ მიიღებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, თუ მას სჭირდება ამისთვის ჩვენი ხმები, მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი რურუა გათავისუფლდება, თუკი ქვეყანაში შეწყდება პოლიტიკური დევნა და იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.


 

23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე სასესიო დარბაზში 119 დეპუტატი დარეგისტრირდა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

პირველი მოსმენა 21 ივნისს გაიმართა. პირველი მოსმენის კენჭისყრის შედეგებით, 136 მომხრე და 5 წინააღმდეგი იყო. პირველ მოსმენაში მონაწილეობას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები იღებდნენ. 21 ივნისს „ევროპული საქართველოს“ წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ განმარტა, რომ ფრაქცია მხოლოდ პირველ მოსმენაში მიიღებდა მონაწილეობას, მეორე და მესამე მოსმენის დროს კი ენმ და „ევროპული საქართველო“ ბოიკოტს აგრძელებს. მათი მოთხოვნა გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებაა.


გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.