პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, როდის იქნება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკების III რაუნდი.
„მესამე რაუნდი, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა დღეს. არ არის ეს დაანონსებული. რაც შეეხება „წითელ ხაზებს“, მე ნამდვილად არ მჯერა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვა კონსენსუსის ან კომპრომისის არ აქვთ გააზრებული ან არ იციან. ეს ხომ შეუძლებელია. როდესაც ვამბობთ კვირების განმავლობაში უკვე, რომ შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ უღალატოს ამომრჩეველს და მათი ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკებისას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და ნებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს. მაგრამ დანარჩენ საკითხებზე ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. 20 და 25 ნოემბერს კი ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.
ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.
ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.