მესამე რაუნდის შეხვედრა, სავარაუდოდ, ამ კვირაში შედგება - სამხარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების III რაუნდის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ, სავარუდოდ, ამ კვირაში შედგება. ნიკოლოზ სამხარაძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ულტიმატუმის შესარულებას არ აპირებს, მაგრამ კომპრომისისთვის მზადყოფნა არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, იქიდან გამომდინარე, რა განწყობასაც ვხედავთ როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლების, ასევე ჩვენი გუნდიდან და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან. პარტია მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ოპონენტები რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, არ ვიცი. თუ იმ ულტიმატუმს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს.რაც შეეხება კომპრომისს, ამისთვის მზაობა არის და ყველამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი. მოლაპარაკებებში ზოგადი წინსვლა არის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. 20 ნოემბერს კი ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.