„მეშახტეების სამსახურიდან გათავისუფლება განსხვავებული აზრის დევნის ნიშნებს ატარებს" | განცხადება

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ეხმაურება ტყიბულში მეშახტეების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს და მიიჩნევს, რომ კომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის შრომის უფლების სტანდარტებთან და განსხვავებული მოსაზრების გამო სავარაუდო დისკრიმინაციული დევნის ნიშნებს ატარებს.

„ტყიბულში მოქმედმა სამთომომპოვებელმა საწარმომ „საქნახშირი’’ 3 თვის წინ რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, რომლის შედეგად კომპანიაში დასაქმებული 38 პირი სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულ პირებს კომპანიამ კომპენსაციის ორი ვარიანტი შესთავაზა: 1. სამი თვის კომპენსაცია, გადამზადება და გადამზადებისა და გამოცდის შემდეგ სამსახურში შესაძლო დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა; 2. გათავისუფლება და ოთხი თვის კომპენსაცია.

რეორგანიზაციის პროცესს კომპანია ახალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირებს მოპოვებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კომპანიის განცხადებით, ამ მიზნებით საწარმოში შემოწმდა დასაქმებულების ცოდნა და კვალიფიკაცია, რის შედეგადაც 38 სამუშაო ადგილი შეამცირეს და სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს გადამზადება შესთავაზეს.

კომპანია ,,ქვანახშირში’’ რეორგანიზაციის საფუძველზე მეშახტეთა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი არაერთი მიმართულებით არის შეუსაბამო შრომის სამართლის ფუნდამენტურ სტანდარტებთან.

1 – შრომის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დასაქმების შეწყვეტის ვალიდურ საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს დაწესებულების/საწარმოს რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია არსებითი ოპერაციული/ფუნქციური ცვლილების საჭიროებით, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, სტრუქტურულ ან სხვა მსგავს მიზეზებს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, კომპანია ,,საქნახშირი’’ რეორგანიზაციის საფუძვლად მხოლოდ ფორმალურად უთითებს საწარმოში ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ახალი სტანდარტების დანერგვის ზოგად საჭიროებაზე. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო ინფორმაციიდან არ იკვეთება ამ ცვლილებების მკაფიო შინაარსი და მასშტაბი. ეს საკითხი ბუნდოვანია ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული მშრომელებისათვის, რადგან კომპანიის მხრიდან არ მომხდარა მათი სრულფასოვანი განმარტება. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არის თუ არა სახეზე არსებითი ხასიათის ტექნოლოგიური ცვლილებები, რამაც 38 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება რეალურად განაპირობა.

ამ კუთხით ხაზგასასმელია ასევე, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების საფუძველზე საწარმოს რეორგანიზაციისა და მოდერნიზაციის დროს, მშრომელებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ადაპტირდნენ ახალ სამუშაო პირობებთან, სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან. ეს გულისხმობს მათ გადამზადებას და ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

საქნახშირის’’ მიერ მშრომელებთან მიმართებით განხორციელებული მოქმედებები – ჯერ სამსახურიდან გათავისუფლება, შემდეგ გადამზადება და ამის შემდეგ სამსახურში დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა ცალსახად ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს ფუნდამენტურ შრომით უფლებრივ სტანდარტებს.

2 – „საქნახშირში’’ განხორციელებული რეორგანიზაციის მნიშვნელოვან ხარვეზებს შორის უნდა გამოიყოს ასევე შემცირებულ პირებთან ჩატარებული გასაუბრებების პროცესი. მეშახტეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ ზეპირი გასაუბრებების შედეგად, რასაც წინ არ უძღოდა წინასწარი ინფორმირება, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდებოდა მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შეფასება[5]. ზოგიერთ შემცირებულ პირთან გასაუბრება საერთოდ არ ჩატარებულა. კომპანიის ოფიციალური განმარტებით, ზოგიერთი კადრი ისე შემცირდა, უბრალოდ”.

3 – „საქნახშირში” განხორციელებული შემცირებების კიდევ ერთი შემაშფოთებელი ასპექტია ის, რომ გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, რომელთა მიმართ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ზეწოლას პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული მოსაზრებების გამო. ეს პირები დეტალურად ჰყვებიან კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებული დაშინების სხვადასხვა ფორმების შესახებ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა და/ან კომპანიაში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციების გაჟღერების გამო.

მშრომელების სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლების შესახებ მეტყველებს ასევე ისიც, რომ მათ მიმართ არ იკვეთება რაიმე საყვედურის არსებობა კომპანიაში შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. პირიქით, საწარმოში მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან ხდებოდა მათი ეტაპობრივი თანამდებობრივი დაწინაურება დაკისრებული ფუნქციების წარმატებით შესრულების გამო.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი ანტი-სახელისუფლებო პროტესტისა და ხელისუფლების მხრიდან გახშირებული რეპრესიების ფონზე, იქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიისათვის ეს პირები არასასურველ კადრებს წარმოადგენდნენ, რომლებიც რეორგანიზაციის საბაბით კომპანიამ გაათავისუფლა.

რეორგანიზაციის პროცესში დაფიქსირებული შრომითი უფლებების მწვავე დარღვევები და ამ პროცესთან დაკავშირებით კომპანია „საქნახშირის” მიერ გაკეთებული ზედაპირული განმარტებები წარმოაჩენს, რომ კომპანიას არ აქვს სათანადოდ გააზრებული მშრომელთა რეალური საჭიროებები და შრომითი უფლებებთან დაკავშირებით კომპანიის ცენტრალური ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში.