მესიჯი, რომელიც ოსური და რუსული წყაროებიდან მოდის, იმედის მომცემია – გიორგი კანაშვილი

პუბლიკა

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

პირველად ინფორმაცია  ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ 13 ნოემბერს გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის 9 ნოემბერს დააკავეს. როგორც ექიმის ოჯახი ამბობს, ამის შესახებ ქართველ სამართალდამცველებს დაკავების დღესვე შეატყობინეს.

საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა პირველი ოფიციალური განცხადებები ამასთან დაკავშირებით 14 ნოემბერს გააკეთეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, 17 ნოემბერს ამბობდა, რომ სხვადასხვა არხით მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდებოდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს ექიმის გათავისუფლების საკითხზე.

პოლიტოლოგი გიორგი კანაშვილი „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ საკითხის ირგვლის პირველი კითხვა საზოგადოებას მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ის ოსურ წყაროებში გაჩნდა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ მოხვდა ასე გვიან საკითხი საჯარო სივრცეში.

გიორგი კანაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა განსხვავდება იმითაც, რომ მას 2-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს მაშინ, როდესაც, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს ჯარიმის გადახდის საფუძველზე, რამდენიმედღიანი დაკავების შემდეგ ათავისუფლებენ ხოლმე.

„დე-ფაქტო კანონმდებლობით, პატიმრობას უფარდებენ მაშინ, როდესაც „საზღვრის დარღვევა” არ წარმოადგენდა იმთავითვე დამრღვევის მიზანს.  ძირითადად, დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ მათ შემთხვევით „დაარღვიეს“ ე.წ. საზღვარი და ხშირად ასეც ხდება. ხშირ შემთხვევაში ამ ე.წ. საზღვარს იქაური სოფლის მოსახლეობა „არღვევს“ ხოლმე. შემდეგ კი, როდესაც საკითხს არ აქვს გადამეტებული პოლიტიკური დატვირთვა,  ხშირად ჯარიმის  საფუძველზე  ათავისუფლებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიცით, თვითონ ბატონმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ იცოდა, მიზანმიმართულად რომ არღვევდა „საზღვარს”. ესეც გაუგებარი – NATO-ში ინტეგრაცია და ა.შ. ძირითადად, ასეთი საუბრები არ არის ხოლმე დაკავებულებთან. რატომ განაცხადა მან ეს ან ვინ შეეკითხა, ანუ რა კონტექსტი იყო, ამის შესახებ ჩვენ არ ვიცით მაინცდამაინც კარგად.  არ გვაქვს რაიმე სხვა სახის ინფორმაცია, გარდა ოსური მხარის მიერ გავრცელებულისა, რომელსაც რამდენად უნდა ვენდოთ, გაუგებარია…

ასევე, ამ სიტუაციის უცნაურობაა ისიც, რომ ძირითადად საზღვარს „არღვევს“ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ექიმი, რომელიც შრომობს, ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, ხვდება იქ, ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარი მიზნებით“, – აცხადებს კანაშვილი.

რაც შეეხება ხელისუფლების ძალისხმევის შეფასებას,  მისი თქმით, ამგვარ შემთხვევებში ხელისუფლების რეაქცია სტანდარტულია და ძირითადად, ხდება ხოლმე ევროკავშირის ე.წ. ცხელი ხაზის გააქტიურება.

„აქ რაღაცა განსაკუთრებული ბერკეტები ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში და ა.შ. არ აქვს.  არის კიდევ არაფორმალური კავშირები. ცნობილია, მაგალითად, რომ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც წინა მინისტრი იყო ამ მიმართულებით, პიროვნულ დონეზე ბევრი კონტაქტი ჰქონდა ოსებთანაც და აფხაზებთანაც. ეს მომენტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ხშირად არაფორმალურადაც წყდება რაღაც საკითხები“, – ამბობს კანაშვილი.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში რამდენად არის ასეთი რესურსი ბოლომდე გამოყენებული, ინფორმაცია  საჯარო სივრცეში არ გამოსულა.

როგორც გიორგი კანაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ხელისუფლებას ფორმალურად რაც შეუძლია აკეთებს, „მაგრამ თუ უახლოეს დღეებში არ გათავისუფლდა ეს ადამიანი, ალბათ, უკვე შეიძლება, ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე ხელისუფლების მიერ საკითხის  საერთაშორისო დონეზე აქტივიზიაცია არაა  მაღალ ნიშნულზე აწეული.  იქედან გამომდინარე, რომ არ უნდათ ვითარება დაძაბონ, შეიძლება იყოს გარკვეული მოლაპარაკებები იქითა მხარესთან, რის შესახებაც, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შეიძლება არც საუბრობდნენ.

თუმცა, თუ ეს კიდევ გაგრძელდა არა რამდენიმე დღე, არამედ თვე და რეაქცია იქნება ისეთივე, როგორც ახლა არის, ამ შემთხვევაში ნამდვილად შეგვიძლია, დავადანაშაულოთ ხელისუფლება პასიურობაში. თუმცა, ალბათ, ცოტა დრო კიდევ უნდა მივცეთ. სიტუაცია ზოგადად, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია“, – ამბობს კანაშვილი.

რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, კანაშვილის შეფასებით, პოლიტიკური ფონი  ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე ხელისუფლების ძალისხმევის პარალიზებას და არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური მოვლენები ახლაც გარკვეულ გავლენას ახდენდეს  ამ საკითხზე.

„ვიცით, რომ მმართველობის ხარისხი არც ისე მაღალია საქართველში, მათ შორის არც ამ ხელისუფლების პირობებში და მეც ნაკლებად მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახერხებდეს რამდენიმე კრიზისულ ვითარებაზე  ერთდროულად ეფექტიანად გამკლავებას. დარწმუნებული ვარ, რომ არც ამდენად ეფექტიანი მთავრობა გვყავს, სერიოზულ კრიზისებს ერთდროულად რომ უმკლავდებოდეს. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი გავლენა ამ ყველაფერზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს იმ დონის კრიზისი არ არის, რაზეც ყურადღების მიქცევას ვერ უნდა ახერხებდეს, ერთ ადამიანზეა ბოლოს და ბოლოს ლაპარაკი“, – ამბობს კანაშვილი.

გასულ დღეებში საინფორმაციო სააგენტომ REC სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა სამი აუდიოჩანაწერი, რომელზეც, მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრებია. გიორგი კანაშვილის თქმით, ამ აუდიოჩანაწერებმა კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შესძინა ამ საკითხს.

„ამ ინფორმაციის გავრცელება არც ერთ შემთხვევაში კარგზე არ მიუთითებს.  თუ  ეს ჩანაწერები ორიგინალია და შეესაბამება სიმართლეს, სხვადასხვა ვარიანტია – ერთი, რომ ისინი თვითონ უსმენენ. ძალიან ეჭვი მეპარება, ოსურ მხარეს ჰქონდეს იმგვარი ტექნიკური შესაძლებლობა, რომ აქ საქართველოში ვიღაცებს უსმენდნენ. ეს ნიშნავს, რომ რუსები უსმენენ ან უსმენენ ჩვენი სპეცსამსახურები და მოხდა ჩვენგან ამ ინფორმაციის გადინება. არც ერთი და არც მეორე ვერსია არ არის სახარბიელო და, ასევე, გაუგებარია, რატომ უსმენენ ამ ადამიანს. მართალი გითხრათ,  უფრო მეტი კითხვები გააჩინა ამ აუდიოჩანაწერებმა, ვიდრე პასუხები,…რაში სჭირდებოდათ ადამიანს მოსმენა – ექიმის, რომელსაც არანაირი პირდაპირი შემხებლობა კონფლიქტთან და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე არ აქვს, გაუგებარია. თუ ასე გვისმენენ, ან ჩვენები თუ გვისმენენ და შემდეგ ხვდება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში, კარგზე არაფერზე არ მეტყველებს“, – ამბობს გიორგი კანაშვილი.

მისივე თქმით, საგულისხმოა ოსური და რუსული მხარის პოზიციები. როგორც ის აღნიშნავს, გაეცნო სხვადასხვა წყაროს, სადაც ჩანს, თითქოს ოსური მხარეც არასახარბიელო მდგომარეობაშია და თავადაც სურთ ამ სიტუაციიდან გამოსვლა. კანაშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია იმედის მომცემია. თითქოს იკვეთება, რომ ამ კრიზისული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობენ ოსები და გაფრინდაშვილის გათავისუფლებას უფრო ფიქრობენ, ვიდრე  გაჩერებას და დაჭერას. მისი თქმით, ექიმის პატიმრობაში დატოვება იმიჯურად დამაზარალებელი იქნება როგორც ოსური, ისე რუსული მხარისთვის.

„ერთ-ერთ ინტერვიუში თვითონ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა წამოაყენა საკითხი, იქნებ დაკავებული ექიმი გავუშვათო. მათი არგუმენტაციით, – საქართველოს მთავრობა მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ცდილობს საზოგადოების ყურადღების გადატანას ამ ამბავზე და  რომ არ ვიყოთ შიდა პოლიტიკურ კრიზისში ჩათრეული, ხომ არ აჯობებს, გავუშვათო, – ამგვარი ხაზიც არის. შემდეგ კიდევ წავიკითხე ერთ-ერთი რუსი ექსპერტის მოსაზრება, რომელიც  როგორც მე ვიცი, ინფორმირებული ადამიანია და ხშირ შემთხვევაში ხასიათდება ისეთი გზავნილებით, რაც ემთხვევა მთავრობის შეხედულებებს (ვგულისხმობ რუსეთის პოზიციას) და ის ამბობს, რომ იმიჯურად ცუდი იქნება და გაზრდის საერთაშორისო საზოგადოების წნეხს ცხინვალსა და რუსეთზე. აქედან გამომდინარე, ეს ინფორმაცია რაღაც გარკვეულ იმედს ბადებს, რომ შესაძლოა, ამ მიმართულებით წავიდეს ფიქრი. პროგნოზირება რთულია, მაგრამ ეს რამდენიმე მესიჯი, რაც არის, იმედის საშუალებას იძლევა“, – ამბობს გიორგი კანაშვილი „პუბლიკასთან“.