მესტიის მერია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „მაინერები“ გამორთონ

პუბლიკა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ „მაინერები“ გამორთონ, რადგან ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური ბოლო ზრვარზე მუშაობს და შეიძლება მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი. ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური მუშაობს ბოლო ზღვარზე და ამოწურულია ყველანაირი რესურსი, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ სისტემა გაითიშოს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გამორთეთ „მაინერები“ და ყველა ის მოწყობილობა რომელიც არ არის საჭირო საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მოახდინეთ ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვა!“ – აცხადებს მესტიის მერია.

სვანეთში ბოლო რამდენიმე წელია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრობლემის მიზეზი მოსახლეობის მიერ „მაინერების“ მუშაობაა.

ხელისუფლება მოქალაქეებს აქამდეც მოუწოდებდა, რომ შეამცირონ ელექტროენერგიის არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარება.