მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მაინერების მფლობელებს მოუწოდებს, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. უწყება ამბობს, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება.
მერიის განცხადებაში წერია, რომ მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება.
„მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით.
აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან.
მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები!
გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის – თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა“, – წერია განცხადებაში.
სვანეთში ბოლო რამდენიმე წელია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ პრობლემის მიზეზი მოსახლეობის მიერ მაინერების მუშაობაა.