სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 37 ბიოლოგიური ნიმუშიდან 17 შემთხვევაში ახალი კორონავირუსი დადასტურდა.
„რეგიონში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსი, კერძოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, სტუმრად ჩამოსული ადამიანისაგან. როგორც კი ეს ჩვენთვის ცნობილი გახდა და დაიწყეს ეპიდემიოლოგებმა კვლევა, აიღეს 37 ბიოლოგიური ნიმუში და აქედან დადასტურებული არის 17, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ამ ადამიანების შესაბამის კლინიკებში გადმოყვანა“,- განაცხადა ვიბლიანმა.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა და საკარენტინე ზომების შემოღება, ვიბლიანი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.
მისივე ცნობით, ინფიცირებულთაგან 7 ადგილობრივი მცხოვრებია და ძირითადად ერთი ოჯახის წევრები არიან.
StopCov.ge-ზე დღეს განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 250;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 010;
- მათ შორის გარდაცვლილი – 17;
- კარანტინის რეჟიმში – 7 068;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;