კომპანია Meta-ს განცხადებით, Facebook-მა და Instagram-მა შეიძლება ევროპაში ფუნქციონირება შეწყვიტონ.
ამის მიზეზი კომპანიის მიხედვით ისაა, რომ მონაცემებთან დაკავშირებული ევროპული რეგულაციები ზღუდავს Meta-ს, მისი სოციალური ქსელების ევროპელი მომხმარებლების მონაცემები ამერიკულ სერვერებზე გადაიტანოს და დაამუშაოს.
Meta-ს ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ თუკი კომპანია წლის განმავლობაში ვერ მიაღწევს ევროპელ მარეგულირებლებთან შეთანხმებას, ისინი დიდი ალბათობით, ევროპელი მომხმარებლებისთვის თავიანთი სერვისის მიწოდებას ვეღარ შეძლებენ.
Meta წერს, რომ მონაცემთა მიმოცვლა და დამუშავება არსებითი მნიშვნელობისაა კომპანიის ბიზნეს და სარეკლამო საქმიანობისთვის.
„თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ მონაცემების მიმოცვლას იმ ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, რომლებშიც ვოპერირებთ, ან შევიზღუდებით ამ მონაცემების გამოყენებაში ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებში, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენი სერვისების მიწოდებაზე“, – წერს Meta.
კომპანიებს ევროპელი მომხმარებლების მონაცემთა არასათანადო დაცულობის მიზეზით აშშ-ის სერვერებზე გადატანა 2020 წლის ზაფხულიდან შეეზღუდათ. თუმცა, ევროპელ მარეგულირებლებსა და აშშ-ს შორის მონაცემთა გადატანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ევროკომისიის განცხადებით, დისკუსია აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკების დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ეს რთული და კომპლექსური საკითხია.
ევროპული კანონმდებლობა არამარტო Meta-ს, არამედ სხვა მსხვილ ტენქოლოგიურ კომპანიებსაც შეეხება, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ კომპანიებსა და მარეგულირებლებს შორის კომპრომისული შეთანხმება შედგება.