Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს

პუბლიკა

კომპანია Meta, რომელიც სოციალური მედიის ისეთ პლატფორმებს აერთიანებს, როგორებიცაა Facebook, Instagram და Threads, „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციის შეწყვეტასა და მისი „საზოგადოების შენიშვნებით“ ჩანაცვლებას გეგმავს – ამის შესახებ Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა 7 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„ფაქტ-ჩეკერები“ პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულები იყვნენ და მათ უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს, განსაკუთრებით აშშ-ში“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

მისი თქმით, ფაქტების გადამოწმების აქამდე არსებული სისტემა, პლატფორმა X-ის მსგავსი „საზოგადოების შენიშვნებით“ ჩანაცვლდება.

X (ყოფილი Twitter) ილონ მასკის საკუთრებაში მყოფი სოციალური მედიის პლატფორმაა, რომლის პოსტებზე კონტექსტის მითითება არა დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს, არამედ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია. ამავე მიმართვაში, ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Meta „აბრუნებს სამოქალაქო კონტენტს“, რაც იმას ნიშნავს, რომ Meta-ს პლატფორმების მომხმარებლები უფრო მეტ პოსტს ნახავენ პოლიტიკის, არჩევნებისა და სოციალური საკითხების შესახებ.

„რაღაც პერიოდის განმავლობაში საზოგადოება ითხოვდა, რომ ნაკლები პოლიტიკა ენახა, რადგან ეს ხალხს სტრესავდა, ამიტომ, ჩვენ პოლიტიკური კონტენტის რეკომენდაცია შევწყვიტეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალ ეპოქაში ვართ და ხალხს სურს, რომ ამგვარი კონტენტი ისევ იხილოს“, – განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.