მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთადერთი გზაა, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს - გახარია

პუბლიკა

„ჩვენს განზომილებას, ეპიდემიასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობის და ეკონომიკის გარდა, უკვე პოლიტიკური განზომილებაც ემატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არა ერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


136 მომხრე,  5 წინააღმდეგი – გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.