პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურა წერს, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეტადონის პროგრამის ბენეფიციარს.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ცენტრის ბენეფიციარს ნ.დ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ხელის კვრითა და კეფაში ხელის დარტყმით)”, – წერს პროკურატურა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება] მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2020 წლის 20 ივლისს დაიწყო.
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნ.ზ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა.