საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. პრემიერს კითხვა დაუსვეს გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გუშინ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობოს მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„მოგეხსენებათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი ქურდულად შემოიპარებოდა. ერთადერთი მიზნით – რომ მოეწყო არეულობა. მათ გეგმებში შედიოდა მკვლელობები. ჩვენმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს და გუშინ მოახდინეს პრევენცია და აღკვეთეს შესაძლო დანაშაული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის რეპლიკას, რომ პრემიერი მუდმივად გაურბის მის კითხვებს, პრემიერმა უპასუხა, რომ ის „ჩვეულებრივი მოძალადე და პროვოკატორია“.
„დეა, უკაცრავად, ზრდილობა იქონიეთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადე ახლა. პროვოკატორი ხართ“, – განუცხადა პრემიერმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას კი უპასუხა, რომ „პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა“.
„მას აქვს სრულ კომფორტი ციხეში და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ მას 24-საათიანი მომსახურება გაეწიოს – მედიკამენტების, ვიტამინების და სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით. ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი. უბრალოდ არ ვსაუბრობთ საჯაროდ“, – უპასუხა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე დასმულ კითხვას.
უკრაინელი ჟურნალისტის კითხვაზე – ვინ არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის თვითმკვლელობაზე? – ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მან მეტი უნდა ივარჯიშოს კითხვების სწორად დასმაზე.
„პირველ რიგში გირჩევ, რომ ივარჯიშე მეტი სწორად კითხვების დასმაში. ხოლო მეორე პენიტენციური სისტემა არის პასუხისმგებელი ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე და სააკაშვილი არ არის გამონაკლისი. კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში დაცული იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.