„მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს და პოლონეთს, ჩვენ ეს არ გვესწავლება“ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების პრემიერი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოების განცხადებებს, რომლებმაც საქართველოში მყოფი და ჩამოსვლის მსურველი  საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილეს.

„მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას. ჩვენ ეს არავისგან არ გვესწავლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„აქ სტატისტიკაა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. როდესაც 33 000-ზე მეტი მოქალაქე შემოდის ქვეყანაში და აქედან მხოლოდ 16-ს ეთქმება უარი, ეს ხომ ყველაფერს თავისთავად ცხადჰყოფს. პირიქით რომ ავიღოთ, მაგალითად პოლონეთის სტატისტიკა, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე. ხომ ყველაფერი ნათელია.

არავითარ აქციებში არ მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მათ უთხრეს უარი პოლონეთში შესვლაზე.
რაც შეეხება აქციებში მონაწილეობას, ეს რომ არის ერთ-ერთ საკითხად გამოტანილი ამ განცხადებებში, ეს არის გაუგებარი. რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი” – ამბობს კობახიძე.


საფრანგეთის საელჩო ატყობინებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ 28 ნოემბრიდან საქართველოში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების დროს პოლიცია ხშირად აკავებს აქციის მონაწილეებს და შლის მათ, “განსაკუთრებით განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარედ – თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის”.

„აღნიშნულ დემონსტრაციებში მონაწილეობა შეიძლება დაჯარიმდეს სოლიდური ოდენობით (5 000 ლარი თითო ჯარიმაზე – ანუ 1 600 ევროზე მეტი; ჯარიმები შესაძლებელია დაგროვდეს)”. – აფრთხილებს საელჩო საკუთრა მოქალაქეებს.

განცხადების მიხედვით,  “საქართველოში შესვლაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუნდაც პიროვნებას გააჩნდეს მოქმედი ბინადრობის ნებართვა.

მოგზაურებს ურჩევენ, წინასწარ გაარკვიონ, რისი საფუძველზე შეიძლება შესვლაზე უარი ეთქვათ.  ” ეს შეიძლება იყოს მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული აქტივობა. საქართველოს ტერიტორიაზე ხელახალი შესვლა შეიძლება დაექვემდებაროს მძიმე ჯარიმების გადახდის მოთხოვნას, თუკი არსებობს ეჭვი, რომ პირი მონაწილეობდა მსგავს დემონსტრაციებში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე მსგავსი განცხადება გაავრცელა საკუთარი მოქალაქეებისთვის პოლონეთის საელჩომაც.