მეტი უნდა ვუთხრათ ხალხს და მმართველი გუნდის ფარგლებში ეს არ გამოდიოდა - სუბარი

პუბლიკა

„საქართველოს მთავრობა და საქართველოს ხალხი არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე. გვაქვს გარკვეული შეზღუდვები, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს და მმართველი გუნდის ფარგლებში ეს არ გამოდიოდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა  „TV პირველთან“ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების მიზეზი არის, ის რომ მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები იმ ინფორმაციის გაჟღერებისთვის, რომელიც, მისი აზრით ხალხმა უნდა იცოდეს. ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის ისეთი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სოზარ სუბარმა უპასუხა, რომ ამას მომდევნო დღეებში გაიგებს საზოგადოება.

„რთული პერიოდი დგას დღეს რეგიონში და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ განცხადებები, იყო ამისი პირდაპირი მოწოდებები, პირდაპირი მცდელობები. ერთადერთი რასაც შეუძლია ეს ყველაფერი აგვაცილოს, ეს არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის სიმართლე. ხალხმა ეს ყველაფერი უნდა იცოდეს. ერთის მხრივ დგას ომში ჩართვის საფრთხე და მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ – ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრების შესაძლებლობა. მაგრამ თუ ახდა იმათი განწყობა, ვისაც ომში ჩართვა უნდა, მაშინ ყველაფერი დაგვრჩება განზე“, – თქვა სოზარ სუბარმა.

„TV პირველის“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ხომ არ იგეგმება „ქართული ოცნების“ ძველი გუნდის წევრების პარტიიდან გასვლა, ამასთან ღარიბაშვილის წასვლა თანამდებობიდან და ღარიბაშვილის გარშემო ძველი „ოცნების“ გუნდის შემოკრება და ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა, რაზეც სუბარმა უპასუხა, რომ „მსგავსი არაფერი იგეგმება“.