მეთიუ მილერი: ვგმობთ აქტივისტებისა და ჟურნალისტების შევიწროებას და ფიზიკურ შეურაცხყოფას

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების გახშირებული შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ და რომ ამას გმობს.

ამავე დროს, აქვს მოწოდება, მოხდეს ამ ფაქტების სრული, დამოუკიდებელი და დროული გამოძიება.

„ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც გადაიდგა კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ, ასევე, ქმედებებით, რომლებიც შესრულდა ამ კანონის წინ წასაწევად. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან. და ამისთვის დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კურსი.

ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა შეიცვალოს კურსი, რომ ასე იყოს”. – განაცხადა მეთიუ მილერმა.

რამდენიმე დღეა, რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს საქართველოს ხელისუფლება ფიზიკურად უსწორდება.

8 მაისს თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორ ლაშა ღვინიანიძეს, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმა ჩიქოვანს, მკვლევარ გია ჯაფარიძეს. 9 მაისის ღამეს სცემეს „გირჩი-მეტი თავისუფლებას” წევრ ბორის ჩელე ყურუას, ენმ-ის წევრ გიორგი მუმლაძეს.

პოლიცია სახლში შევიდა და დააკავა სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე.

ასევე, რამდენიმე დღეა, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ და აგინებენ. რეკავენ მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ შეისწავლიან უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაუწყია.