მეტრომ ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ მუშაობა სრულად განაახლა - სატრანსპორტო კომპანია

პუბლიკა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, თბილისის მეტროს ნაწილის მუშაობა საქართველოში ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო დროებით შეფერხდა. კომპანიის განცხადებით, მეტრომ მუშაობა უკვე განაახლა და 15:00 საათიდან ყველა სადგური გაიხსნა.

„ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც, ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ. შეფერხების გამო, არც ერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა.

ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა“, – ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

დღეს თბილისსა და საქართველოს რეგიონების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგია დროებით გაითიშა. „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვა 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა“ და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვამ გამოიწვია.