მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“ „სატრანსპორტო კომპანიის“ წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებს.
პროფკავშირებმა წერილობითი განცხადება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს, ინფლაციისა და ფასების ზრდის გათვალისწინებით ისინი კომპანიაში დასაქმებულთათვის ანაზღაურების 20%-იან ზრდას მოითხოვენ.
„ერთობა 2013-ის“ განცხადებით, მათ ანაზღაურების მატების საკითხი კომპანიის დირექციასთან ჯერ კიდევ ივლისში დააყენეს. მაშინ კომპანიის გენერალური დირექტორისგან გიორგი შარკოვისგან მიიღეს პასუხი, რომ კომპანიას ხელფასების მომატება არ შეეძლო, მაგრამ ამ საკითხს თბილისის მერიასთან დააყენებდა. პროფკავშირის განცხადებით, მას შემდეგ რამდენიმე თვეა, მათ ვერც კომპანიასთან მიაღწიეს რაიმე შეთანხმებას და ვერც მერიის პოზიცია მოისმინეს.
„[ოქტომბერში] ბატონი შარკოვის მხრიდან მოვისმინეთ იგივე პასუხი. რაზედაც, გამგეობამ სთხოვა ბატონ შარკოვს, რომ უახლოეს მომავალში ეცნობებინა „ერთობისათვის“ მერიის პოზიცია და ასევე დაეორგანიზებინა შეხვედრა „ერთობა 2013-ის“ გამგეობასა და კახა კალაძეს შორის. თუმცა შეხვედრა მერიაში დღემდე არ შემდგარა“, – აცხადებენ პროფკავშირში.
პროფკავშირის განცხადებით, მათ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ სცადეს „სატრანპორტო კომპანიის“ დირექციასთან ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ დაგეგმილ შეხვედრაზე დირექციის წარმომადგენლები არ მივიდნენ. საბოლოოდ, „სატრანსპორტო კომპანიის“ წინააღმდეგ კოლექტიური დავის დაწყება გადაწყდა.
პროფკავშირის ერთ-ერთი წევრი რობერტ მარგიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 20%-იანი ზრდის საჭიროება სპეციალისტებმა გამოთვალეს, რადგან მათი შეფასებით, ბოლო წლებში დაახლოებით ასე მოიმატა ფასებმაც. შესაბამისად, ანაზღაურების 20%-იანი ზრდა მხოლოდ შემცირებული მსყიდველუნარიანობის გამოსწორებას შეძლებს. რობერტ მარგიშვილი იმედოვნებს, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ „სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები გაიფიცონ.
„დღეს ხომ არ გაზრდილა ეს ფასები, დაახლოებით 6 თვის წინ გაჟღერდა პრემიერ-მინისტრისგან, რომ ზოგს 10% ემატება, ზოგს 20%, საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მერიის ორგანიზაციებს და ჩვენ პასუხი ვერ გავიგეთ, ამ გრადაციაში ვხვდებით თუ არ ვხვდებით…
…არავითარი მოწოდება არ გვაქვს გაფიცვის. არავითარი თვითმიზანი, ან მოდას აყოლილი საზოგადოება ეს არ გახლავთ. მონოტონური, მძიმე შრომის ხალხი ვართ. ისეთი ხალხი, რომელთაგან ზოგი საპენსიო ასაკსაც ვერ აღწევს. იმედია, გაგვიგებს ჩვენი უფროსობა, თუ არადა გაფიცვა ჩვენი კანონიერი უფლებაა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ მარგიშვილი.
როგორც „პუბლიკას“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, კომპანიის ხელმძღვანელობა პრფოკავშირების წევრებთან ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვედრას გეგმავს. თუმცა კომპანიაში ჯერჯერობით არ ამბობენ, იგეგმება თუ არა დასაქმებულთათვის ანაზღაურების გაზრდა.
დღეს კოლექტიური დავის დაწყების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. კალაძის თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ანაზღაურების ზრდა მომავალი წლიდან იგეგმება.
„ხელფასების ზრდა მოხდება მომავალ წელს. ეს ყველა თანამშრომლის პირობებში იქნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრჯერ ისაუბრა და გააკეთა განცხადებები. თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისთვის სახელფასო ზრდა იქნება 10%. მათ შორის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც ეხება ეს გადაწყვეტილება. მომავალი წლისთვის სახელფასო ზრდა მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.