„რაც შეეხება „გოცირიძის“ მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები“, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურების დამთავრებისთანავე შეეძლებათ აღნიშნული მეტროსადგურით სარგებლობა.
თბილისში მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა 2022 წლის ივნისში ისევ გადაიდო და, როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებდნენ, აგვისტოში უნდა გახსნილიყო.
მანამდე თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მაისში იგეგმებოდა.
მეტროსადგურით მოქალაქეები 2 წელია, ვერ სარგებლობენ. „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება.
მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა, თუმცა ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის. სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №369.