მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა 3 თვით ისევ გადაიდო

პუბლიკა

თბილისში მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა ისევ გადაიდო.  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ „გოცირიძე“ აგვისტოში გაიხსნება.

მანამდე თბილისის მერია აცხადებდა, რომ მეტროსადგურზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მაისში იგეგმებოდა, თუმცა სადგურის გახსნა ერთი თვით გადავადდა.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ დაახლოებით ერთ თვეში ჩავეტეოდით, თუმცა კვლევების შედეგად საჭირო გახდა კიდევ დამატებითი სამუშაოების წარმოება და ამან გარკვეული დრო მოითხოვა. უახლოეს დღეებში დაიწყება ბაქანის დასხმის  ინტენსიური სამუშაოები და დაახლოებით აგვისტოსთვის ვგეგმავთ, განვაახლოთ მგზავრთა მიღება“, – აცხადებენ „სატრანსპორტო კომპანიაში“.


მეტროსადგურით მოქალაქეები თითქმის 2 წელია, ვერ სარგებლობენ. მეტროსადგურ „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება.

მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა, თუმცა ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის.  სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №369.