მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა ისევ გადაიდო

პუბლიკა

თბილისში მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა ისევ გადაიდო.  თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვარაუდობენ, რომ „გოცირიძის“ გახსნას დამატებით დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. მანამდე მერია აცხადებდა, რომ მეტროსადგურზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მაისში იგეგმებოდა.

„ერთ-ერთ მონაკვეთზე დამატებითი კვლევები გახდა საჭირო, ბალუსტრადებს ჩაუტარდა დამატებით კვლევა და ექსპერტიზა, ამიტომ გარკვეული პერიოდით გადაიწია სადგურის გახსნამ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამას შეიძლება  დასჭირდეს დამატებით ერთი თვე“, – უთხრეს „პუბლიკას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.


მეტროსადგურით მოქალაქეები თითქმის 2 წელია ვეღარ სარგებლობენ. მეტროსადგურ „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება.

მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა, თუმცა ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის.  სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №369.