თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება გრძელდება.
მისი თქმით, ამჯერად მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს და გარე მოვაჭრეები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
„ტერიტორიაზე ხდებოდა გარე ვაჭრობა, რაც მიუღებელია. ამ ადამიანების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს ადამიანები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ “, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი პროცედურები და გარე მოვაჭრეების ბაზრობების შიდა ნაწილში გადაყვანა მეტროსადგურების – „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებიდანაც მოხდება.
„ჩვენ ანალოგიური მიდგომა გვაქვს ყველა მეტროსადგურის შესასვლელთან. მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული, რადგან რაც დღეს იქ ხდება, მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.