მეტროსადგური „გოცირიძე“ ხვალ გაიხსნება - თბილისის მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია საბოლოოდ დასრულდა და ხვალ გაიხსნება.

მერიის ცნობით, განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა.

პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური.

ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. ხვალიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, რეაბილიტაციის პროცესში განახლდა სადგურის ინტერიერი და ექსტერიერი, ასევე გადაიხურა ბაქანი და სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის. პროექტის ბიუჯეტმა 4,7 მილიონი ლარი შეადგინა.

თბილისის მერია მეტროსადგურის გახსნას თავდაპირველად ორი წლის წინ გეგმავდა. მას შემდეგ სადგურის რეაბილიტაციის დასრულებამ რამდენჯერმე გადაიწია. საბოლოოდ, ქალაქის ხელმძღვანელობას უჭირდა ეთქვა საბოლოო თარიღი, როდის გაიხსნებოდა მეტროსადგური.