თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 12 ივლისიდან მეტრო „ვარკეთილი“ 45 დღით დაიკეტება.
კალაძემ თქვა, რომ წინასწარი კვლევის საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის; დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია.
„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინუმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური ვარკეთილი 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით, რომ ჩატარდეს ეს სამუშაოები, დავიცვათ უსაფრთხოება და რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ ყველა შესაბამისი პროექტით გაწერილი სამუშაოების შესრულება და შემდეგ უკვე გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე“, – თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.