მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელებს ბრალდება წარედგინათ

პუბლიკა

პროკურატურამ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება“, – აცხადებს უწყება.

პატრულ-ინსპექტორს ნ.ბ.-ს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კ.ბ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ემუხლის პირველი ნაწილით.