თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განმარტებით, ზოგიერთ მეტროსადგურში საცობს მგზავრები ქმნიან, რადგან ზოლში არ მოძრაობენ და რიგის დაცვის პრობლემაა. წილოსანის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. დგას მხოლოდ „ახმეტელის თეატრთან“ და „ვარკეთილის მეტროსთან“ დაკავშირებით, არის მხოლოდ შესასვლელის პრობლემა. შესასვლელში არის რიგი, თორემ მეტრო ბაქანზე არსებულ აბსოლუტურად ყველა მგზავრს ემსახურება. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანები ვერ შევიდნენ. შეიძლება თქვენ მაჩვენოთ ბაქანზე ბევრი ადამიანი, მაგრამ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ კადრს, სადაც მეტროში, ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.
ანალოგიური მდგომარეობაა „სადგურის მოედანზე“, სადაც გადასასვლელში სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მგზავრებს არ გვაქვს იმის დამოკიდებულება, ზოლში იმოძრაონ და რიგის პრობლემაა. შესაბამისად, ერთმანეთთან საცობს ქმნიან. არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით და ხდება ერთმანეთთან შეფერხებები. ამ შეფერხებების გამო, გვირაბს გამტარუნარიანობის პრობლემა აქვს, თორემ ბაქანთან, მეტროში მოლოდინის დროსთან მიმართებით არა, არც ერთ ბაქანზე მგზავრი გადაყვანის გარეშე არ რჩება“, – განაცხადა წილოსანმა.