მეუცხოვა ტოროსიანისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება - გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს გამოეხმაურა. გამყრელიძის თქმით, არაა დარწმუნებული, მართლაც დააყენა თუ არა ეჭვქვეშ ტოროსიანმა საქართველოს მიდგომა კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა მისი კომენტარი ამ ფორმით არადიპლომატიურია.

„დასადასტურებელია, მაგრამ მე ცოტა მიკვირს არსენ ტოროსიანისგან, თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება.

თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას, საქართველოს მოქალაქეებს დაუდასტურდათ, ჩვენც და სომხეთიც ვართ ხელმომწერი ჯანმრთელობის მსოფლიო ოგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციაზე.

ჩვენ გვქონდა შემთხვევა სომხეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქის. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა აცნობოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და იმ ქვეყანას, საიდანაც შემოვიდა, რომ შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს. ჩვენ ეს გავაკეთეთ რამდენიმე მეზობელი ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, თუ იყო ასეთი შემთხვევები, ბატონ არსენს ჯანმოსა და ჩვენთვის უნდა ეცნობებინა“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, შეუსაბამო იყო ინფორმაცია წარმოებულ სტატისტიკაზეც. რადგან საქართველოში წელს არ დაფიქსირებულა ე.წ. ჭარბი სიკვდილიანობა, მათ შორის, სხვა დააავადებებით, ხოლო ტესტების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციაში მხოლოდ PCR ტესტები ხვდება.

„არ ვიცი, ის რა სტატისტიკას ეყრდნობა. შეუძლია, ნახოს ჩვენ მიერ, მათ შორის, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული ჩვენი სტატისტიკა. ეს არის ჩვენს ვებგვერდზეც და ჩვენს ყოველწლიურ კრებულებშიც არის პნევმონიის დინამიკა. ჩვენ ეს შესწავლილი გვაქვს.

ჩვენთან არ არსებობს ე.წ. ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ჰქონდა იტალიას და ბევრ ქვეყანას. ჩვენ ამას ვუყურებთ 3-4 თვის განმავლობაში 2018-19 წლებთან მიმართებით გვაქვს თუ არა ჭარბი სიკვდილიანობა, მათ შორის, პნევმონიასთან მიმართებით და არ გვაქვს ჭარბი სიკვდილიანობა.

ის ასევე საუბრობს, თითქოს ამ ტესტებში ვურევთ და შედის სწრაფი ტესტებიც. არა, ბატონო არსენ. ის 48 290 ტესტირება, რაც ჩატარებულია ქვეყანაში, ყველა არის PCR ტესტირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.


სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების დიდი სხვაობა განსხვავებული მიდგომის გამოა. Arminfo-ს მიხედვით, ონლაინდისკუსიაში ჩართულმა არსენ ტოროსიანმა თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის აღრიცხვაზეც აქვს კითხვები.

ტოროსიანის თქმით, საქართველოს ნაკლებად სანდო სტატისტიკას მოწმობს მათ მიერ აღრიცხული შემთხვევები, რომ სომხეთში საქართველოდან შესულ მძღოლებს შორის ბევრს აღმოაჩნდა კორონავირუსი. „როცა ჩვენ ვამოწმებდით საქართველოდან მომავალ მძღოლებს, მათ შორის ბევრს დაუდასტურდა COVID-19. ასე რომ, საკითხავია, დღეში 1-2 შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში, თუ უბრალოდ ამდენის დადასტურება ხერხდება?“, – განაცხადა ტოროსიანმა.