მეუფე თავს მშვენივრად გრძნობს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მეუფე შიო თავს მშვენივრად გრძნობს და ის არ არის მოწამლული.

„მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული რა“, – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტებთან, სავარაუდოდ, ხუმრობით.

გუშინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა იაკობმა მეუფე შიოს შესაძლო მოწამლვაზე თქვა, რომ შესაძლოა, მეუფე შიო ჩინურ პროდუქციასაც მოეწამლა.


5 ივლისს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოწმალეს.

6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ მიტროპოლიტი შიოს სისხლის ანალიზში მართლაც აღმოჩნდა გარკვეული ცვლილებები. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, მეუფე შიოს სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.