„მეუღლეს იარაღის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა" - პროკურატურა ცინარიძეზე

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის მუხლებით საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს ბრალი წარედგინა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა,  რა დროსაც  ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

სამართალდამცველებმა  დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი  მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები”, – წერს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლო  აღკვეთი ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს.