ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის, ნატა ქორიძის ინფორმაციით, პოლიტიკოსი 7 მარტის აქციისას დააკავეს, დაკავებისას კი მას სცემეს და სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
„ზურა გუშინ დააკავეს. პოლიციელებთან საუბრის გარდა, არაფერი გაუკეთებია გუშინ აქციაზე. ძალადობა მისთვის მიუღებელია. საუბრისთვის თავში ურტყეს “დუბინკები”, ეტყობა კიდეც დაზიანებები თურმე. მე თვითონ ვერ ვნახულობ მას. გაზიც შეასხეს სახეში, ისევე, როგორც უამრავ ადამიანს. ახლა დაკავებული ჰყავთ დიღმის იზოლატორში. წესიერი სამედიცინო დახმარება, როგორც ჩანს, არც აღმოუჩენიათ. მხოლოდ გამაყუჩებელი მისცეს გუშინ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ? რა მომავალს ვქმნით?“, – წერს ქორიძე.
„პუბლიკა“ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას.
პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.