პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ძალადობისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, ტ.მ.-მ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის დის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ხ.გ.-ს დანით ყელისა და სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, მეუღლის დასაც მიაყენა დაზიანება ხელის არეში შემდეგ კი ტ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.მ.-ს მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა“, – ამბობენ პროკურატურაში.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 2020 წლის 16 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“, და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ტ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.