მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ სცნო. კავლელაშვილს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის განმარტებით, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა 2024 წლის 9 იანვარს, თბილისში მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.