საქართველოს პროკურატურამ მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალი წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აპრილს, ქ.თბილისში, დ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის – ნ.გ.-ს და შვილის ე.კ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.