თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვაშლიჯვარში მეწყერთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ამ პრობლემის შესახებ რამდენიმე ათეული წელია ცნობილია და პრობლემური ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეც.
როგორც კახა კალაძე ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დედაქალაქის მერიამ ვაშლიჯვრის მეწყერის შესახებ არ იცოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არსებობს დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდით ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე tas.ge-ზე იყო ატვირთული და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ეპოვა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან მიმართებით, რომლებიც სამწუხაროდ გვაქვს დედაქალაქში. ეს არ ეხება მხოლოდ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიას. ქალაქში გვაქვს კიდევ ასეთი მეწყრულად საშიში ადგილები, რომლებიც გამოქვეყნებულია და ინფორმაცია მითითებულია. არ იყო სწორი ინფორმაცია და არ არის სწორი ინფორმაცია, თითქოს მუნიციპალიტეტმა არ იცოდა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მეწყრული პროცესების გააქტიურების დღიდან შექმნილია სამუშაო ჯგუფი გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტებთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და სხვა სპეციალისტებთან ერთად, რომლებსაც დაემატა გერმანელი ექსპერტები. მისი თქმით, გერმანელი ექსპერტები საქართველოში წყნეთი-ახალდაბის მეწყერთან დაკავშირებით მუშაობდნენ.
კალაძემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართონ ყველა დაინტერესებული ჯგუფი, ექსპერტები, რომლებიც დედაქალაქში მეწყერს იკვლევენ.
„მე ვიცი, რომ არის კიდევ გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც მეწყრულ ადგილებს სწავლობდა დედაქალაქში და ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ, შესაბამისად, მინდა ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დავავლო, რომ ეს ადამიანები ჩავრთოთ სამუშაო ჯგუფში. ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით, უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან. ერთობლივი ძალებით მოვაწესრიგოთ და მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა“, – განაცხადა კალაძემ.
18 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვარში, იქ, სადაც გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი დაიწყო.