დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული და კვლევის შედეგების მიხედვით, მოწყვეტილი მასა დღეში, დაახლოებით, 5 სმ. სიჩქარით მოძრაობს.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი აცხადებს, მათ ერთმანეთს შეადარეს 19 მარტისა და 22 მარტის მოკვლევის შედეგები. მისი თქმით, 4 დღის განმავლობაში ბლოკური მეწყერი 25 სანტიმეტრითაა დაშორებული [მდებარეობას], თუმცა, ის აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ ციფრებში იყოს ცდომილება, რასაც სხვადასხვა მეთოდით გადამოწმებას ცდილობენ.
„აჩქარების გაზომვა მნიშვნელოვანია, რადგან თუ ის აჩქარდა, ეს ნიშნავს, რომ სხეული დაიძრა და ის ნელი მოძრაობიდან ჩამოწყდომაზე გადავა. ახლა სისტემა დაძრულია და ის მოძრაობს 5 სმ.-ით დღეში. ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია. ეს არ არის ცოტა. აუცილებელია გავამახვილოთ ყურადღება და როდესაც საფრთხეს ვზომავთ, ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ არა შესაძლო საფრთხეს, არამედ უარეს საფრთხეს. უნდა მოვემზადოთ უარესი საფრთეებისთვის. ყველა სცენარი უნდა განვიხილოთ, რომ პასუხისმგებელი ვიყოთ ქვეყანასა და მოსახლეობასთან“, – განაცხადა მან.
თეა გოდოლაძის თქმით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს აქვს ლიმიტირებული რესურსები, არასაკმარისი აპარატურა მეწყრის მონიტორინგისთვის, რაც სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა.
მისი თქმით, მათ კონსულტაცია გაიარეს ამერიკელ კოლეგებთან და მათი პირველი რეკომენდაციაა, რომ მეწყრის ქვემოთ მოსუფთავდეს ტერიტორია, შეწყდეს სამუშაოები, რათა ნებისმიერი ვიბრაცია საზიანო შეიძლება იყოს.
„არავითარ შემთხვევაში მეწყერზე სამშენებლო სამუშაოები არ უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, მეწყერი გამოიწვია გზის ჩაჭრამ, სამუშაოებმა. ეს არის ქრესტომათია. ეს არის ყველაზე ცნობილი პრობლემა, რასაც არათუ გამოცდილი, გამვლელი გეოლოგიც კი იტყვის“, – თქვა მან.
თეა გოდოლაძის თქმით, ისინი მზად არიან გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის.
„ძალიან ვთხოვთ ჩვენს გერმანელ კოლეგებს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ეს არის ის ხალხი, რომლებიც ვერეზე მუშაობდნენ და გვიცნობენ, რადგან 2017 წელს ჩვენგან მასალები წაიღეს, როცა ანალიზს აკეთებდნენ და იციან, რის გამკეთებელი ვართ. მზად ვართ, ყველაფერი გავდავცეთ, რა შედეგებიც გვაქვს. ველით შენიშვნებსაც, ანალიზსაც, აბსოლუტურად გახნილი ვართ“, – განაცხადა გოდოლაძემ.
18 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვარში, იქ, სადაც გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი დაიწყო. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ მასის ჩამოშლა გარდაუვალია და ვითარების ზუსტი შეფასებისთვის საჭიროა დამატებითი კვლევა.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლებში წარმოებული მოქმედებების შედეგად სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესების ნაწილობრივი გააქტიურება სულ რამდენიმე დღეა, დაიწყო და თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა პრობლემა მალე გადაიჭრას.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობის საკითხის დასმამდე ცნობილი უნდა გახდეს, კონკრეტულად რამ გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება, რის დადგენასაც დეტალური კვლევები სჭირდება. მანამდე მერიის მთავარი ამოცანაა მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხო გახსნა, რომელიც 16 მარტს მერიამ სწორედ მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო გადაკეტა.
„პუბლიკას“ მერიაში განუცხადეს, რომ გზის გაყვანის სამუშაოების გრძელდება. როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, დარჩენილია ისეთი სამუშაოები, რომლებიც მძიმე ტექნიკას არ ითხოვს და არ იწვევს ვიბრაციას, შესაბამისად, მერიის გადაწყვეტილებით, გზის გაყვანითი სამუშაოები არ შეჩერებულა.