მეყვავილეები რეგულაციებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა

პუბლიკა

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზიების მეპატრონეები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ ეზღუდებათ მუშაობის შესაძლებლობა. ისინი ამბობენ, რომ ყვავილებით ვაჭრობა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მძიმე ტვირთად აწევთ საბანკო ვალდებულებებიც,  ამიტომ მოითხოვენ, ვაჭრობის უფლება მიეცეთ.

„არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, ჩვენს უკან ოჯახები დგას, იმათ ყურადღების მიქცევა უნდათ, გვეუბნებიან რომ დაკეტეთ და წადით, სად წავიდეთ? მაღაზიას არ დავკეტავთ, მოვიდნენ და გავცემთ ყველას პასუხს. მოდის (მყიდველი) პირბადე გვაქვს აფარებული, ვაწვდით ყვავილს, ფულს გვაძლევს და მიდის, გარეთ ვართ, სივრცეში“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე „ტვ პირველის“ ეთერში.

„გვიკეტავენ მაღაზიებს, საარსებო წყაროს გვიკეტავენ, ამის იქით მე შემოსავლის წყარო არ მაქვს. მშიერი მოვკვდები თუ კოვიდი მომკლავს, მნიშვნელობა არ აქვს“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე „მთავართან“ საუბრისას.

კორონავირუსთან დაკავშირებით შემქნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებს.

24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში დროებით, ღია და დახურული ბაზრობები აღადგენენ მუშაობას.

16 იანვარი – 31 იანვარის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, აღდგება სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).