მეზობელ ქვეყნებთან გარკვეული კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ – დავითაშვილი საჰაერო სივრცის დაკეტვაზე

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ იმსჯელებენ.

„საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით. იცით, რომ საქართველოს არ აქვს დღეს საჰაერო მიმოსვლა. მათ შორის ,არ გვაქვს არც სახმელეთო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან, ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ საქართველოს გავლით ტრანზიტზე და ამ შემთხვევაში, როდესაც დაკეტილია ევროპის მიმართულებები, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის, ასევე მეგობარი ქვეყნებისთვის შეიძლება საქართველოს გავლით ფრენა იყოს ერთადერთი გზა კავშირისა რუსეთთან, რომელთანაც დამოკიდებულება ჰუმანიტარულ ნაწილში, ეკონომიკა რომ გვერდზე გადავდოთ, მოსახლეობის კუთხით, მათ შორის ის მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები, მილიონამდე ადამიანი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, იყენებს ერთადერთ სატრანზიტო გზას საქართველოში შემოსვლისთვის იმიტომ, რომ პირდაპირი კავშირი არა გვაქვს. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უფრო შედარებით ფრთხილნი ვართ და ამ საკითხზე ჩვენი რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან გარკვეული კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.