მეზვრიშვილი: „ოცნება" წინასაარჩევნოდ მიმართავს ოპონენტების თვალთვალს, დევნას, მუქარას

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი დარღვევა ჩაიდინა, რაც „ქმნის ძალადობრივ, უთანასწორო და არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოს”.

მეზვრიშვილის თქმით, მათ აქვთ ყველა წარმოდგენილი დარღვევის მტკიცებულება.

ამასთან, მისივე შეფასებით, „საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს”.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით:

  • უკანონო თვალთვალი წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩევლის დაშინების მიზნით – მოვიპოვეთ ათობით ფოტო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ საარჩევნო კამპანიისას „ოცნების“ წარმომადგენლები სუს-იდან, მუნიციპალიტეტიდან და პარტიიდან გვითვალთვალებდნენ. აღნიშნული პირები შეკრებაზე გამოცხადებულ ამომრჩეველს უღებენ ფოტოებს და შემდეგ ახორციელებენ მათზე ზეწოლას, რაც პირდაპირ აისახება წინასაარჩევნო შეხვედრაზე ამომრჩევლის გამოცხადებაზე და ხელს უშლის პარტიის ამომრჩეველთან კომუნიკაციას. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს.
  • პოლიტიკური ნიშნით დევნა – აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით – „გახარია – საქართველოსთვის“ წევრობის და მხარდაჭერის გამო – გაათავისუფლეს სენაკის და ხონის სკოლის დირექტორები – შორენა შამათავა და მინდია გველებიანი და ტყიბულის სკოლის დირექტორის მოადგილე – ნანა ამბროლაძე. აღნიშნულს თანამდებობებზე „ოცნების“ მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები დანიშნეს. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
  • ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო/მუქარა-ზეწოლა – 2024 წლის 30 ივლისს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ 26 ივლისს ოპოზიციის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. პროკურატურის რეაგირებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა რეალიზდა ბათუმში. კერძოდ:
  • წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობა – 2024 წლის 03 აგვისტოს ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა. ჯგუფი, რომლის გასაღებასაც „ოცნება“ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობდა, ოცნების პარტიული ზონდერ-აქტივი და საჯარო მოხელეები აღმოჩდნენ. აღნიშნულ ფაქტზე 07 აგვისტოს მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ აღნიშნული ფაქტის შალვა პაპუაშვილის განცხდებასთან ერთობლიობაში შეფასება. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
  • პოლიტიკური ნიშნით დევნა – 2024 წლის 07 ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ორგანიზაციას მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის – მათე ცენტერაძის მიმართ ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
  • პოლიტიკური ნიშნით დევნა – 2024 წლის 06 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს;
  • პოლიტიკური ნიშნით დევნა – 2024 წლის 06 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ გამოყენების ფაქტზე. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს.

მეზვრიშვილის განცხადებით, ზემოაღნიშნულ არც ერთ დარღვევაზე სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან  ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.