მეზვრიშვილი: ამ დრომდე „ოცნება" და ComCom გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის უფლებას, ისე საეთერო დროს

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგინლე, ნათია მეზვრიშვილის თქმით, „ამ დრომდე „ოცნება“ და მისდამი დაქვემდებარებული კომუნიკაციების კომისია გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის განთავსების უფლებას, ისე საეთერო დროს”.

მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ზუსტად ისე „ებრძვის”, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა” ებრძოდა „ქართულ ოცნებას”.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ „გახარია საქართველოსთვის” არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მოთხოვნებს და ეკუთვნის უფასო რეკლამა.

„არჩევნებამდე 12 დღით ადრე მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამომრჩეველს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ინიციატივების შესახებ და ვუპასუხოთ ჩვენი მისამართით წარმოებულ მასშტაბურ ტყუილებს, დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რაც მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას.

ყოველდღე „იმედის“ ეთერში ჩვენს გუნდზე გადის ყალბი სიუჟეტები ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრს არ ეძლევა იმავე ეთერში ტყუილებზე და სიყალბეზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

კომუნიკაციების კომისიამ და, უშუალოდ, კახა ბექაურმა განახორციელა ზეწოლა საზოგადოებრივ მუწყებელზე და აუკრძალა მას ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება. ხოლო ტელეკომპანია „ფორმულა“ ჩვენი უფასო რეკლამის განთავსებისთვის დასაჯა და სამართალდამრღვევად ცნო.

როგორც ჩანს, კახა ბექაურს ეგონა, რომ „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის სამართალდამრღვევად ცნობით უკანონობას დააბალანსებდა და კომისიას მიუკერძოებლის იმიჯს შეუქმნიდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის მორიგი მტკიცებულება შექმნა. კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კვლევების მიმართ კითხვები თავის დროზე არ არსებობდა და ახლა, ეს კითხვები კომისიამ ხელოვნურად გააჩინა, რომ ჩვენი რეკლამის განთავსება შეეფერხებინა.

მე, უბრალოდ, მოგიწოდებთ, გადახედოთ კახა ბექაურის ქონებას და დარწმუნდებით მის მოტივაციაში. მისი ერთადერთი მიზანია, „ოცნებას“ არჩევნების გაყალბებაში, უსამართლო წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში დაეხმაროს და ამით შეინარჩუნოს ის დიდძალი ქონება, რომელიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში „ოცნების“ პირობებში დააგროვა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტიამ 11 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიისა და კახა ბექაურის „უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“, სასამართლოს მიმართა.


გუშინ, 13 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ  „რუსთვი 2“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო „ტელეიმედი“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

„კერძოდ, „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, მაუწყებელმა არ განათავსა „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიერ მიწოდებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.

რაც შეეხება „ტელეიმედს“, ამ შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, „ტელეიმედი“ არ ათავსებდა პარტიის ფასიან წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს. იმავე დღეს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ „ტელეიმედი“ უარს აცხადებდა ოპოზიციის პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.