მეზვრიშვილი: არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დამიბარეს, მისვლას არ ვაპირებ

პუბლიკა

პარტია „გახარია – საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მისვლას არ აპირებს.

მისივე თქმით, სანამ პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას მათ მიერ შეტანილ ოფიციალურ მტკიცებულებებზე, რაც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარასა და კორუფციაზე მიუთითებს, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს.

„პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებზე და სქემებზე საუბრობთო.

  1. კარგია, რომ გაყლბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეგაშინათ;
  2. ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივარ;
  3. უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათობით განცხადება გვაქვს ოფიციალურად შემოტანილი (მტკიცებულებებით დადასტურებული), რომელიც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარაზე, კორუფციაზე მიუთითებს. არც ერთზე არათუ გამოძიება არ დაგიწყიათ, არც კი დაგირეკავთ. შესაბამისად, როგორც კი ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ ამ ნამდვილ დანაშაულებზე ნამდვილ გამოძიებას (ცალკე და არა მაგავე საქმეში) დაიწყებთ, რა თქმა უნდა, მოვალთ და ყველაფერს მოვიტანთ (მიუხედავად იმისა, რომ არ გენდობით);
  4. რაც შეეხება ამ ყალბ გამოძიებას, თუ ჩემს გარეშე გამოძიებას ვერ ატარებთ (რაც ცოტა სასაცილოა, როცა მტკიცებულებები სოციალურ მედიაში რასაც ჰქვია ყრია), იცით მაგისტრატი მოსამართლის გზა.

აქვე, ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ. არჩევნების გაყალბების საქმის ბოლომდე მისაყვანად გავაკეთებ ყველაფერს. პირადად ჩამოვივლი ყველა პარტნიორს, რომ თქვენი საბოლოო დელეგიტიმაცია მოხდეს. შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავატარებთ პროკურატურის, სასამართლოს, სამართალდამცავების და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას”, – წერს მეზვრიშვილი.


პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა  ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.